უკრაინამ ჩრდილოეთ-ბალტიისპირეთის რვიანისა [NB8] და „მსურველთა კოალიციის“ ბოლო სამიტების შედეგად გარკვეული რაოდენობით Patriot-ის და AIM-ის რაკეტები მიიღო, ასევე მიიღო დადასტურება რამდენიმე Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თუ გულწრფელად ვიტყვი, Patriot-ის რაკეტებიც მცირე რაოდენობით მივიღეთ. რამდენი - ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა. მეტი გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მივიღეთ, არ დავაკონკრეტებ, რომელი სახელმწიფოსგან, დადასტურება რამდენიმე Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემის შესახებ. ასევე მივიღეთ AIM-ის რაკეტები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტებია. მათ მტრის რაკეტების ჩამოსაგდებად ვიყენებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ ლიეტუვისა და ფინეთისგან თავდაცვის დახმარების პაკეტები მიიღო, ხოლო ნორვეგიამ დაადასტურა 2027 წლისთვის 9 მილიარდი ევროს დაფინანსება.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო რეგიონებისთვის განკუთვნილი დახმარების რამდენიმე პაკეტი, მათ შორის მიკოლაივისა და ჟიტომირის ოლქებისთვის. გერმანიამ და ბელგიამ ვეტერანთა პოლიტიკის მიმართულებით დახმარების პაკეტები გამოყვეს, ხოლო უკრაინამ ნორვეგიასთან დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„გერმანიამ ცალკე დაუჭირა მხარი უკრაინას ენერგეტიკული პაკეტით. შვედეთი სერიოზულ ფინანსურ პაკეტს გამოყოფს უკრაინული დრონების წარმოების დასაფინანსებლად. ამისთვის მადლობა“, - თქვა ზელენსკიმ.