„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა, უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სამუშიას თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ გამოიყენება მართლმსაჯულება კლანური ანგარიშსწორებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად.
"ქართული ოცნება" არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა. უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ეს ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპისპირების შედეგად ამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ: სუსის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გვეუბნება პროკურატურა, რომ ჯარს ძარცვავდაო. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც "ქართული ოცნება" საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება, ამ შემთხვევაში, კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა და არის თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები, დღეს უკვე რეალობად იქცა, - ამბობს ლევან სამუშია.