24 აგვისტოს, ორშაბათს, ღამით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სტავროპოლის მხარეში და დაღესტანში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე დრონებით იერიში განხორციელდა.
ინფორმაციას Telegram-არხები ავრცელებენ.
შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელებში კრასნოდარზე თავდასხმის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია საწყობში ხანძრის გაჩენის შესახებ.
რუსული Telegram-არხის, Astra-ს ინფორმაციით, „კრასნოდარში, თავდასხმის შემდეგ, იწვის საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების ქსელ Kuchenland Home-ის საწყობი“.
მოგვიანებით კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა კრასნოდარზე დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
მისი თქმით, „უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად საწყობის შენობებში ხანძარი გაჩნდა“.
რუს გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ საწყობებზე იყო საუბარი.
კიდევ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონების თავდასხმის სამიზნე კრასნოდარში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი გახდა. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
Ozon რუსეთის ონლაინვაჭრობის ბაზარზე სიდიდით მეორე მარკეტპლეისია და მხოლოდ Wildberries-ს ჩამორჩება.
გარდა ამისა, Astra-ს ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში, რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში Ozon-ის დიდი საწყობი თავდასხმის შედეგად დაზიანდა და იწვის.
24 აგვისტოს ღამით სტავროპოლის მხარის მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. იბფორმაციას ადასტურებს მხარის გუბერნატორიც
Astra-ს მიერ Telegram-არხებში გავრცელებული თვითმხილველების კადრების ანალიზის თანახმად, თავდასხმა რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში, მდებარე Ozon-ის საწყობზე განხორციელდა.
ცენტრი განკუთვნილია საკვები და არასაკვები პროდუქტების შესანახად და დასახარისხებლად, შეკვეთების დასაკომპლექტებლად და Ozon-ის მომხმარებლებისთვის გასაგზავნად.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა Ozon-ის დიდი ლოგისტიკური კომპლექსი დაღესტანში, რომელიც „ტიუბეს“ სამრეწველო პარკში მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრია.
დარტყმის შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ობიექტს Ozon-ისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური დანიშნულება აქვს. ის რეგიონში კომპანიის ლოგისტიკური ქსელის ერთ-ერთი მთავარი კვანძია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და ირანის მიმართულებით საერთაშორისო გადაზიდვებში.