უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირობებში არჩევნების ჩატარება დიდი რისკების შემცველია და შესაძლოა საზოგადოებაში გახლეჩვა გამოიწვიოს.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ უკრაინას სხვადასხვა მხრიდან ომის პირობებში არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებდნენ.
„ჩემი პოზიცია ნათელი იყო. თუ პარტნიორები კონკრეტულ პირობებს შემოგვთავაზებენ, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში არჩევნების ჩატარებას უსაფრთხოდ, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად შევძლებთ, ასევე, მასში სამხედროების მონაწილეობით, ფრონტისპირა ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ ჩატარებით, მაშინ ეს საკითხი განვიხილოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ არცერთ დასავლელ პარტნიორს არ შეუთავაზებია კონკრეტული პირობები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას შექმნიდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
„ვფიქრობ, რომ ასეთი ომის პირობებში არჩევნები, ზოგადად, დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ახლა არჩევნები სახელმწიფოსთვის ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა, ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანო და დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო შევინარჩუნოთ. სწორედ ამ სტრატეგიას ვახორციელებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.