უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს დნiპროპეტროვსკის ოლქში კონტროლის დასაბრუნებლად 10 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები ტერიტორია დარჩათ.
„წელს ჩვენ თითქმის გავათავისუფლეთ დნიპრიპეტროვსკის ოლქი. ეს მნიშვნელოვანი შედეგია. კონტროლის დასაბრუნებელი მხოლოდ 10 კვადრატული კილომეტრი დაგვრჩა. ეს სამი პატარა სოფელია. იქ მტერი ფაქტობრივად აღარ არის. გარდა ამისა, ამჟამად ფრონტის სხვა მონაკვეთზე კიდევ ერთ ოპერაციას ვატარებთ. შედეგი აგვისტოს ბოლომდე იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ კჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი პროგნოზით, 2026 წელს შესაძლებელი იქნება რუსების მიერ დროებით ოკუპირებული და უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობის გათანაბრება.
„ამ დროისთვის, წლის დასაწყისიდან რუსების მიერ 990 კვადრატული კილომეტრია ოკუპირებული, ჩვენ კი კონტროლი 820 კვადრატულ კილომეტრზე აღვადგინეთ. თუმცა, 2026 წლის ბოლომდე კვადრატული კილომეტრების რაოდენობით პარიტეტს მივაღწევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები უკრაინის მიწებს იბრუნებენ -ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ეს ბალანსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ისე დიპლომატიის თვალსაზრისით“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ალექსანდროვსკის მიმართულებაზე ეს დიდი კონტრშეტევითი ოპერაცია ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა, ხოლო მისი განხორციელება დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მაშინ „ცოტამ თუ იცოდა“.
„მე ამის შესახებ არ ვსაუბრობდი მანამდე, ვიდრე გენერალი აპოსტოლი არ გავიდა იმ ხაზებზე, რომლებზეც მისთვის დასახული ამოცანის შესაბამისად უნდა გასულიყო“, - თქვა მან.