თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს - ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.