შვეიცარიის ალპებში უმდიდრესი ადამიანებისთვის ძვირადღირებულ საცავებს აშენებენ, სადაც მალე ოქრო, ფული, ხელოვნების ნიმუშები და ძვირადღირებული ავტომობილებიც კი უსაფრთხოდ იქნება დაცული. ამის შესახებ Bild წერს.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიის მთები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კერძო ქონების ერთგვარ ციხესიმაგრედ იქცევა. კლიენტებს ბრიუნიგის მასივში მაქსიმალურ უსაფრთხოებას, სრულ კონფიდენციალურობასა და პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო საფრთხისგან - იქნება ეს თავდასხმა თუ კატასტროფა, დაცვას ჰპირდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, მრავალმილიონიანი პროექტის უკან მეწარმე თომას გასერის კომპანია Brünig Mega Safe AG დგას. საცავები მთის ქანებში, 100 მეტრზე მეტ სიღრმეში განთავსდება.
კომპლექსი შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ლუნგერნთან, ბრიუნიგის უღელტეხილის ქვეშ შენდება და დაახლოებით 20-მდე მაღალუსაფრთხოების კამერას მოიცავს. მათი დაცვა, პროექტის ავტორების თქმით, შვეიცარიის ეროვნული ბანკის საცავების უსაფრთხოების სტანდარტებს გაუტოლდება.
„მაღალი უსაფრთხოების ზონის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იანვარში საწყობების შესასვლელის მშენებლობას დავიწყებთ“, - განაცხადა გამოცემასთან ინტერვიუში კომპანია Brünig Mega Safe AG-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ჰუგო შიტენჰელმმა.
აღნიშნულია, რომ მშენებლობა ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში დაიწყო. პირველი საცავები შესაძლოა 2028 წელს იყოს მზად.
გამოცემის შეფასებით, „მდიდართა საგანძური“ ამჟამად, ალბათ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სამშენებლო პროექტია.
„სეიფის ოთახის 99 წლით იჯარის ღირებულება ერთ მილიონ ევრომდე აღწევს. უსაფრთხოების დონე, როგორც ამბობენ, შვეიცარიის ეროვნული ბანკის საცავების უსაფრთხოების სტანდარტს უნდა გაუტოლდეს. პირველ კლიენტებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია“, - წერს გამოცემა.