ჩვენ 2011 წელს დავიწყეთ სისტემის აგება პირველი, ანუ მსოფმხედველობრივი პრინციპით, რასაც ბიძინა არა თუ იზიარებდა, არამედ კატეგორიულად მოითხოვდა კიდეც. ანუ, ვიყავით პოლიტიკური პარტნიორები და არა ლიდერს უპირობოდ დაქვემდებარებული გუნდი, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო სისტემის მაფიოზურზე, ანუ პირად ერთგულებაზე გადაწყობის პროცესი.
"მმართველობითი სისტემები ძირითადად იგება ორ რადიკალურად განსხვავებულ პრინციპზე. პირობითად მათ შეიძლება ვუწოდოთ მსოფმხედველობრივი და მაფიოზური.
მსოფმხედველობრივი სისტემა ყალიბდება ლიდერის მიერ ერთიანი იდეის, პრინციპების ირგვლივ თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბებაზე და ვერტიკალში მმართველობითი პირამიდა ეწყობა იგივე ალგორითმით.
მაფიოზური სისტემა აგებულია პირად ერთგულებაზე და ქვედა დონეებზეც იგივე მატრიცით არის აშენებული.
ჩვენ 2011 წელს დავიწყეთ სისტემის აგება პირველი, ანუ მსოფმხედველობრივი პრინციპით, რასაც ბიძინა არა თუ იზიარებდა, არამედ კატეგორიულად მოითხოვდა კიდეც. ანუ, ვიყავით პოლიტიკური პარტნიორები და არა ლიდერს უპირობოდ დაქვემდებარებული გუნდი.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინამ დაიწყო სისტემის მაფიოზურზე, ანუ პირად ერთგულებაზე გადაწყობის პროცესი, რასაც ბუნებრივია მოჰყვა შესაბამისი პროტესტი. სწორედ მე გახლდით პირველი, ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგა და დავტოვე სისტემა. ბევრი დღესაც მსაყვედურობს, რომ “ვუღალატე” ბიძინას. სინამდვილეში მე კი არა, მან უღალატა იმ პრინციპებს, რაზეც შევთანხმდით და რის ერთგულებასაც დღემდე ვინარჩუნებ.
შემდეგ წამოვიდნენ, ან გამოდევნეს ისინიც, ვინც ამ პროცესში არ გრძნობდა თავს კომფორტულად.
საბოლოო ჯამში, მივიღეთ წმინდაწყლის მაფიოზური მმართველობითი სისტემა მთელი თავისი ატრიბუტიკით.
შესაბამისად, არიან ღარიბაშვილი და მაფიოზური სისტემის სხვა პერსონაჟები მოღალატეები?
რა თქმა უნდა არიან, რადგან ბოსი თვლის ასე. მაფიის ბოსი კი ყოველთვის მართალია, მაშინაც კი, როდესაც მართალი არ არის…" - წერს გია ხუხაშვილი.