უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკა მიიღო და საკუთარ ტერიტორიაზე დამატებითი ჩრდილოკორეელი სამხედროების განთავსებას გეგმავს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ეს რუსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ უკვე აღარ აქვთ უსაფრთხო სტრატეგიული ზურგი. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ჩრდილოეთ კორეიდან შევსების გარეშე ომის წარმოება აღარ შეუძლიათ. ახლა ისინი საკუთარ ტერიტორიაზე კორეელების დამატებითი კონტინგენტის განთავსებისთვის ემზადებიან. წარმოიდგინეთ, მიიღეს დამატებითი ბალისტიკური ტექნიკა ჩრდილოეთ კორეიდან. და ეს რას ნიშნავს, მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური იარაღი, ისევე როგორც ამ ქვეყნის სხვა შეიარაღება, რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად იხვეწება.
„რაც უფრო მეტი ჩრდილოკორეული ჭურვი ხვდება აქ, უკრაინასა და ევროპაში, რაც უფრო ხშირად გამოიყენებენ მათ რაკეტებსა და სამხედროებს, რაც უფრო მეტად გამოასწორებენ თავიანთ ნაკლოვანებებსა და ცოდნის ნაკლებობას, მით მეტი საფრთხე დაემუქრება მომავალში იაპონიას, სამხრეთ კორეას, ფილიპინებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის მიმართულებით დახმარებაზე მუშაობა და საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დაკარგოს ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში იარაღით ომში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი.
25 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 სამხედრო მოსამსახურისა და ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების მიღებისთვის ემზადებოდა.
Reuters უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი ჩერნიაკზე დაყრდნობით, 6 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ რუსეთის ვორონეჟის ოლქში ჩრდილოკორეული სარაკეტო დანაყოფის განთავსება დაიწყო. შესაძლოა, დანაყოფს 6 გამშვები დანადგარი და 120 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდეს, საიდანაც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან უკვე 40 რაკეტა მიიღო.