2 დეკემბერს, 12 საათaზე, თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პროექტის ფარგლებში შედგება საინფორმაციო შეხვედრა მედიის, პროექტის პარტნიორ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ტრენინგების და კონსულტაციური მომსახურების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" ოფისში, მის: ფალიაშვილის 66, IV სად. ბ. 48.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს მედიისათვის პროექტის მიზნების, მიმდინარეობისა და უკვე მიღწეული შედეგების გაცნობა და პროექტის სხვა რგოლებს შორის კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბება.
პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.
სამეგრელო - ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და მცხეთა - მთიანეთი, ეს ის სამი რეგიონია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ შეირჩა ამ პროექტის სამიზნე რეგიონებად, სადაც ყველაზე მეტად აისახა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი. შედეგად, ამ რეგიონებში შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია სამივე რეგიონში ბიზნეს გარემოს გაუარესება და უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა.
საინფორმაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი მედია საშუალებების (ჟურნალი "ღია ბოქლომი", გაზეთი "რეზიუმე", გაზეთი "ზუგდიდი", ჟურნალი "ზუგდიდელები", გაზეთი "თავისუფალი სიტყვა", გაზეთი "ეგრისის მაცნე", რადიო "ათინათი", ტელეკომპანია "ოდიში", ტელეკომპანია "მე-9 ტალღა".), მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა ("ალიანს ჯგუფი", "კონსტანტა", "კრისტალი", "ლაზიკა კაპიტალი", "ფინკა") და ბიზნეს კონსულტაციების ორგანიზაციის (ფონდი "ერანი") წარმომადგენლებს შორის, ზემოაღნიშნულ სამ რგოლს შორის დამყარდა კონტაქტები, ჩამოყალიბდა კომუნიკაციის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდასა და მიზნობრივ ჯგუფებს შორის პროექტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
2 დეკემბერს ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრება გაიმართება შიდა ქართლის რეგიონშიც.