უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები გააგრძელებენ იმ რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარების განადგურებას, საიდანაც ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს ახორციელებენ.
„სამხედროებმა იციან, რომ მათ უნდა გაანადგურონ მოწინააღმდეგის გამშვები დანადგარები, რათა ამ გზით შეამცირონ უკრაინის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები... ისინი ამას აკეთებენ და გააგრძელებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც მდგრადობის გეგმების შესრულებას ეხებოდა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ასევე აგრძელებს შორს მოქმედების ოპერაციების განხორციელებას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მთლიანად უკრაინაზეა დამოკიდებული, არის ზამთრისთვის მზადების მდგრადობის გეგმების შესრულება.
„ეს არის ჩვენი ენერგეტიკული ქსელის, გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება.
მდგრადობის გეგმაში შედის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, მათ შორის ამ გეგმის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი. მაგალითად, ბომბსაფრების მომზადების გეგმის შესრულების დონე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარალელურად გრძელდება ეროვნული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მუშაობა.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა დააჩქაროს საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარება.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამის უწყებას, გაააქტიურონ მუშაობა პარტნიორებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემებისთვის განკუთვნილი მეტი რაკეტა.