უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.
მან პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები რაკეტების მიწოდება დააჩქარონ.
„ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, კიდევ 17 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნეები სამოქალაქო საწარმოების საწყობები გახდა.
მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რკინიგზის სადგურს.
პრეზიდენტის ცნობით ობიექტებს შორისაა ლუდის მწარმოებელი კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკური ობიექტები.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელ სისტემებს შეეძლოთ დაღუპულთა სიცოცხლის გადარჩენა და პარტნიორებს მოუწოდა, მათი მიწოდება არ გადადონ.
„პარტნიორებს, რომლებიც ამ ეტაპზე მზად არ არიან, უფრო აქტიურად დაგვეხმარონ ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებაში, შეუძლიათ დახმარება ახალი სანქციების დაწესებითაც. რუსული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ბალისტიკურ იარაღს აწარმოებენ, ჯერ კიდევ არ ექვემდებარება სანქციებს.
აქამდე ასე იყო. საჭიროა ახალი ნაბიჯები „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის მხრიდან, ასევე ყველა იმ ქვეყნისგან, ვინც სიცოცხლის დაცვას უჭერს მხარს. მადლობა მათ, ვინც მზად არის სწორედ ამ გზით დაგვეხმაროს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გენერალური პროკურორის ოფისში განაცხადეს, რომ კიევში დაიღუპა 60 წლის ქალი, კიდევ 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლი. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
კიევის ოლქში დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო 28 დაშავდა.
5 აგვისტოს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში 24 ბალისტიკური რაკეტით, 4 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 115 დრონით მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 98 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ჩამოგდებული რაკეტების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.