უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ამ მიმართულებით პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვინარჩუნებთ კონტაქტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ახალი პირობები რეალური დიპლომატიისთვის. ვცდილობთ, ეს ყველაფერი პრაქტიკაში განვახორციელოთ.
კირილო ბუდანოვმა, რუსტემ უმეროვმა, დავიდ არახამიამ და სერგი კისლიცამ მოლაპარაკებების მიმართულებით საკუთარი სფეროების შესახებ მომახსენეს - რა ეტაპზეა პროცესი და როგორია მოსკოვის დამოკიდებულება მოლაპარაკებების მიმართ.
ჩვენ მზად ვიქნებით შეხვედრების ნებისმიერი ფორმატისთვის. ველოდებით, რომ აგვისტოში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება სხვა პარტნიორებთანაც, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ როგორც დიპლომატიურ ძალისხმევას, ისე უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებს.