უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარიმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ 2 აგვისტოს, კვირას, სრულად შეჩერდება დუნაის წყლის დონის მკვეთრი კლების გამო.
მადიარის განცხადებით, 2 აგვისტოს სადგურის მუშაობა მთლიანად შეჩერდება, რაც, მისი თქმით, სადგურის 44-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდება.
„დუნაის წყლის დონის შემდგომი ვარდნის გამო, ღამის 01:30 საათზე „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლო მოქმედი ენერგობლოკიც შეჩერდება. ამის შემდეგ ელექტროსადგურის სიმძლავრე მხოლოდ 240 მეგავატს შეადგენს, ხოლო ხვალ, 44 წლის განმავლობაში პირველად, ის სრულად შეწყვეტს მუშაობას“, - წერს მადიარი სოციალურ ქსელში.
ამასთან, თავად „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ 2 აგვისტოს 1:30 საათიდან სადგურზე მხოლოდ მეორე ენერგობლოკი იმუშავებს 50%-იანი სიმძლავრით. მათ სრულ შეჩერებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და მხოლოდ აღნიშნეს, რომ ასეთი სცენარი შესაძლოა დუნაის წყლის დონის შემდგომი შემცირების შემთხვევაში დადგეს.
„წყლის დონის შემდგომი კლების შემთხვევაში, ბოლო მოქმედი ენერგობლოკიც შეჩერდება, რაც ელექტროენერგიის წარმოების სრულ შეწყვეტას გამოიწვევს. ამის შემდეგ საჭირო გახდება გაჩერებული ბლოკების გაგრილების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია სადგურის განცხადებაში.
„პაკშის“ ადმინისტრაციამ უნგრეთის მოსახლეობას მოუწოდა, უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირონ, განსაკუთრებით საღამოს პიკურ საათებში - 17:00-დან 22:00-მდე.