კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, დაკავებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას ანთებითი სპონდილოართრიტი დაუდასტურდა. ამის შესახებ მისმა ექიმებმა განაცხადეს.
ანთებითი სპონდილოართრიტი ხერხემლის ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები.
როგორც ექიმებმა მაკა იოსელიანმა და ანა ქავთარაძემ განაცხადეს, შემდგომი მკურნალობა უკვე დაიგეგმა და ხოშტარია სამკურნალო პრეპარატს ხვალიდან მიიღებს.
"ელენე ხოშტარიას ჩაუტარდა არაერთი, როგორც რადიოლოგიური, ასევე, ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის, ნაწილი საზღვარგარეთ გაიგზავნა. ასევე, ჩატარდა არაერთი კონსულტაცია, როგორც საქართველოში, ისე, მის საზღვრებს გარე ექიმებთან.
ამ პერიოდში, მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოოდ, კოლეგები შევჯერდით დიაგნოზზე, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ელენეს ციხეში ყოფნისას და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა.
დიაგნოზთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, დიახ, ჩვენ დავადასტურეთ დიაგნოზი, რაზედაც ეჭვი იყო, ეს გახლავთ - ანთებითი სპონდილოართრიტი. ამ ძალიან ბევრი კვლევის საფუძველზე გამოვრიცხეთ ამჟამად აქტიური ინფექციის არსებობა. კვლევებით ამოვწურეთ ყველა შესაძლო რისკის შესაძლებლობა, მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები. ახლა, დიაგნოზის ვერიფიცირების შემდეგ, რაც არის ანთებითი ანთებითი სპონდილიტი, ანუ ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება არამხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები. ამ დაავადების საერთაშორისო რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დაწყებულიყო ბიოლოგიური დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი, ჩვენ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთი შევარჩიეთ, რომელიც ყველაზე შესაძლოდ უსაფრთხო იქნება. ამ პრეპარატს დავიწყებთ ხვალ," - განაცხადეს ექიმებმა.
ფოტო: "პუბლიკა"