სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები - მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იოსელიანი პატიმრების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, ასევე, მათგან მიიღო ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
„30 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულება მოინახულა, შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და ქალ პატიმრებს, დაათვალიერა საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, მათ შორის, დედათა და ბავშვთა განყოფილება. პატიმარმა ქალებმა სახალხო დამცველთან თავიანთი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.
სახალხო დამცველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, მოინახულა ახლად გახსნილი საკონდიტრო სივრცე და მაღაზია, მიიღო ინფორმაცია მსჯავრდებულთა ჩართულობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს და მზია ამაღლობელს; გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, მიიღო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.