უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მწვავე დეფიციტის მიუხედავად, უკრაინულმა ავიაციამ 30 ივლისის ღამით რუსეთის მასშტაბური იერიშის დროს დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტების განადგურება შეძლო. მისი თქმით, ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ იმუშავეს მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმაც.
ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამ დარტყმის დროს იყო 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობა - ბალისტიკური. ასევე იყო 280-ზე მეტი დამრტყმელი დრონი. 260-ზე მეტი დრონის განადგურება შევძელით.
ჩვენი საბრძოლო ავიაციის მეშვეობით დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტები ჩამოვაგდეთ, ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ იმუშავეს მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმაც.
იმ პირობებში, როდესაც პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტები კრიტიკულად არ გვყოფნის, ჩვენი სამხედროები უბრალოდ წარმოუდგენელ გმირობას ავლენენ და პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ დონეს აჩვენებენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია „გამორჩეულ პროფესიონალიზმზე, რომელიც სიცოცხლეს იხსნის იმ დროს, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდება არ ხდება ან იგვიანებს“.
ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო საფრთხისგან დაცვა უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„ეს ამოცანა მხოლოდ უკრაინის და მხოლოდ ერთი ქვეყნის პასუხისმგებლობა ვერ იქნება. ყველა პარტნიორმა იცის, როგორ და რით შეუძლია დახმარება. დახმარების დაგვიანება, ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში შეფერხებები - სამწუხაროდ, სწორედ ეს იწვევს იმ ნგრევასა და მსხვერპლს, რასაც დღეს ვხედავთ, მნიშვნელოვანია სიცოცხლის დაცვის მხარდაჭერა. მადლობა ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება!“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
30 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
კრივი რიჰის გარეუბანში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. პოლტავის ოლქში დაიღუპა ერთი ადამიანი, კიევში - 1 ადამიანი , ლვოვში დაშავდა 30 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში - 5 მცხოვრები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 30 ივლისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა მასშტაბური კომბინირებული დარტყმა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოწინააღმდეგის მიერ გაშვებული 358 სამიზნიდან 320 გაანადგურეს.