ვაშინგტონიდან დაბრუნებისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, მან მაკრონს თეთრ სახლში და აშშ-ის სენატში გამართული შეხვედრების დეტალები, ასევე დიპლომატიური პროცესის მიმდინარე პერსპექტივები გააცნო.
"მშვიდობასთან დაახლოების ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ ჩვენი შესაძლო ნაბიჯები შევათანხმეთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ მაკრონის მზადყოფნისთვის, დაგვეხმაროს და ყველა საჭირო ძალისხმევა გასწიოს.
ემანუელმა საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. უკრაინა ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ, ვინც ამ წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს გვიჭერდა. საფრანგეთს ჩვენი დახმარება შევთავაზე. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთონ.
ასევე დეტალურად განვიხილეთ ზამთრისთვის მზადების საკითხები - ენერგეტიკისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით აუცილებელი დახმარების პაკეტების მიწოდება. საფრანგეთი იმუშავებს უკრაინის მხარდასაჭერად საჭირო გადაწყვეტილებების მოძიებაზე. მადლობა!” - წერს ზელენსკი.