უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტის დროს შეძლო ამერიკელი კანონმდებლების დარწმუნება, რომ უკრაინას რუსეთთან ომში წარმატების მიღწევა შეუძლია.
ამის შესახებ გამოცემა Politico წერს, სენატორებზე დაყრდნობით, რომლებიც უკრაინის ლიდერთან დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ.
„ზელენსკიმ მოახერხა ის, რაც ერთი წლის წინ შეუძლებლად ჩანდა - ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ კიევს ომის მოგება შეუძლია“, - წერს გამოცემა.
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო მოსკოვზე სანქციების ზეწოლის გაძლიერება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივები.
სენატორმა მაიკ რაუნდსიმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიის შეფასებით, ახალი სანქციები ხელს შეუწყობს უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმორ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
„მთელი ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა რაუნდსმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტა-გადამჭრელების წარმოების ლიცენზიებს, PAC-3 ტიპის რაკეტა-გადამჭრელების მიწოდებას და უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტურ კავშირზე უწყვეტი წვდომის უზრუნველყოფას, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება.
ამავე დროს, გამოცემის ცნობით, სენატორმა ჯონ ბუზმანმა ვაშინგტონში განწყობების ცვლილება უკრაინელი სამხედროების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებს დაუკავშირა.
Politico-ს ინფორმაციით, კონგრესში იზრდება მხარდაჭერა კანონპროექტის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს ახალი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
„სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ზელენსკის ვიზიტმა და ომის ხასიათის ცვლილებამ ახალი იმპულსი მისცა პროცესს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა 28 ივლისს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორიც გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.