აშშ-ისა და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.
„ცენტრალური სარდლობისა და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტებზე, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაგზავნა აშშ-ის სამხედრო ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განსახორციელებლად“,- ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ავიაციის გამანადგურებლებმა ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მრავალი ლოჯისტიკური და იარაღის საცავი ობიექტი დაბომბეს.
ოპერაცია განხორციელდა, როგორც პასუხი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში 30-ზე მეტი დრონით თავდასხმაზე.
მანამდე საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.