სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მეორე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. სამხედრო ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში გაიხსნა.
"ეს რიგით მეორე ობიექტია სრული ინფრასტრუქტურით, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეებისათვის აშენდა. კომპლექსი ყველა საჭირო აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო ქალაქის გახსნას ესწრებოდნენ: აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მეთაურის პირველი მოადგილე დიმიტრი კოროლიოვი, რუსეთის ე.წ. ელჩი სემიონ გრიგორიევი და ე.წ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩნიკი. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი ხელმძღვანელობა გახსნაზე არ ყოფილა.
"აქ არის შექმნილი ყველა პირობა რუსი მესაზღვრეთა და მათი ოჯახის წევრთა ცხოვრებისათვის", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ეს ამ სახის ბოლო ობიექტი როდია, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი სამხედრო ქალაქი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2010 წლის 8 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები