ოს სეპარატისტთა ტყვეობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სეპარატისტები ავრცელებენ. კერძოდ, ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა დღეს ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა ერთმანეთს პატიმრობაში მყოფი ერთმანეთის მოქალაქეები გადასცეს განაცხადა, რომ ე.წ. სახრეთ ოსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება.
"სამხრეთ ოსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება, მათგან ორის მიმართ ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება", _ განაცხადა ჩიგოევმა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფი მარო პატარაშვილი, დემურ ჩიხლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე და ვაჟა თოკაძე დღეს სოფელ ერგნეთში ოსმა სეპარატისტებმა ქართულ მხარეს გადასცეს.
სოფელ ერგნეთში ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა, როგორ ერთ ისე მეორე მხარეს პატიმრობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს გადასცეს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გათავისუფლებულია 7-7 მოქალაქე.
ოსი სეპარატისტებისათვის კი გადაცემული ადამიანებია: ანატოლი ბესტაევი, ყაზბეგ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი.
შეთანხმება გაცვლის თაობაზე ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის 17 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა.