"სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს საქართველოს ციხეებში მყოფი თავისი მოქალაქეების გათავისუფლებისათვის ბრძოლას", _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა გააკეთა დღეს ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა ერთმანეთს პატიმრობაში მყოფი ერთმანეთის მოქალაქეები გადასცეს.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ გვქნება შესაძლებლობა დავიხსნათ ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის საფუძველი ჩვენ გვაქვს", _ განაცხადა ჩიგოევმა.
მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ იმყოფება ე.წ. სამხრეთ ოსეთის 28 მოქალაქე და მათგან "24 საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტომდე ჰყავდა დატყვევებული, 4 კი შემდეგ".
ჩიგოევი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქართული მხარის მიერ დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი ე.წ. მოქალაქისა და რუსეთის ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად, რომლებიც საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი".
"რაც შეეხება დანარჩენებსა და მათ შორის სოფელ არცევის მაცხოვრებლის მარიკ დუდაევისა და ჩვენი სამი მოქალაქის გათავისუფლება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გორში ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულა და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მათ ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, ამიტომაც ვეცდებით მათ გათავისუფლებას", _განაცხადა ჩიგოევმა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფი მარო პატარაშვილი, დემურ ჩიხლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე და ვაჟა თოკაძე დღეს სოფელ ერგნეთში ოსმა სეპარატისტებმა ქართულ მხარეს გადასცეს.
სოფელ ერგნეთში ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა, როგორ ერთ ისე მეორე მხარეს პატიმრობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს გადასცეს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გათავისუფლებულია 7-7 მოქალაქე.
ოსი სეპარატისტებისათვის კი გადაცემული ადამიანებია: ანატოლი ბესტაევი, ყაზბეგ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი.
შეთანხმება გაცვლის თაობაზე ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის 17 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა.