რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს უნდა წარმოაჩინოს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული პრობლემები თითქოს საქართველოს ბრალია.
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" მედვედევის მიერ სოჭის ოლიმპიადის კუთხით საქართველოს კონტროლზე აყვანის მოთხოვნის შეფასებისას აღნიშნა.
"თავის დროზე ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული როგორც ავანსი, მაგრამ რუსეთმა ამის შემდეგ ოკუპაცია განახორცილა და ქვეყანაში არანაირი დემოკრატიული პროცესები არ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიების შესახებ ჩვენს პოზიციას ღიად ვაფიქსირებთ, საქართველო არ აპირებს ძალისმიერი ან სხვა მეთოდებით მას დაუპირისპირდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისვე შეფასებით, რუსეთი ქცევიდან გამომდინარე არანაირი მორალური უფლება არ აქვს ოლიმპიადის ჩატარების.
"რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველო ტერიტორიის 20%, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და მისი სამომავლოდ არსებობის ნიშან-წყალიც არ შეინიშნება, რუსეთში დევნიან და კლავენ ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს უბრალოდ ციხეში სვავენ უმიზეზო ბრალდებებით. ამიტომ ახლაც ვუდასტურებ ბატონ მედვედევს, რომ რუსეთი არ არის ღირს ჩაატაროს ისეთი ღონისძიება, როგორიც არის ოლიმპიადა, რომელსაც ჰქვია მშვიდობა, თავისუფლება", - აღნიშნა მაჭავარიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას და აქვე დასძინა, რომ რუსეთში ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ღირებულებების საწინააღმდეგოდ ხდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ნებისმიერი ხელისშემშლელი ძალის გზაზე წინააღმდეგობის აღმართვას მოითხოვს და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყურადღების გამახვილებას საქართველოზე ურჩევს.
"ყველას კარგად გესმით, რომ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს", _ განაცხადა მედვედევმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.