სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ არალეგალური კაზინოს საქმიანობა აღკვეთა, რომელიც სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში მუშაობდა.
სათამაშო დაწესებულება ჩვეულებრივ კერძო, საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული. სახლის მფლობელები დადგენილია, თუმცა მათი დაკავება ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კაზინოს ორგანიზებისათვის.
სათამაშო დაწესებულებები, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შემდეგ დახურეს, რომელიც კაზინოების აკრძალვას ეხებოდა.
თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში არ შეიტანეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობას დააკისრებდა მათ, ვინც ამ აკრძალვას დაარღვევდა.
აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონი, ე.წ. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენითაა მიღებული. იმ შემთხვევაში თუკი მას საბოლოო მოსმენით მიიღებენ, მათ ვინც სათამაშო ბიზნესით არის დაკავებული, დანაშაულის მასშტაბის მიუხედავად, დაემუქრება ჯარიმა 100 ათასი რუბლიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.