ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა.. ამის შესახებ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა.
"23 ივლისს, 00:34 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 42 წლის მამაკაცი, დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. გონზეა, კონტაქტურია, პალატაშია ბადრაგთან ერთად", - განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.
ექიმის თქმით, არ იციან რა ვითარებაში ან რით მიიღო ბრალდებულმა დაზიანება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ექიმი ამბობს, ბრალდებული შესაძლოა კლინიკიდან ხვალ, 24 ივლისს გაწერონ.
ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
მედიის მიერ გავრცელენული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა. კიდვ ერთი პირი ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ტყვია მოხვდა.