კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა იმ ლიდერმა მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს დამოუკიდებლობის 150 წლის იუბილე მიულოცა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილსა და მასზე თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.
„კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა იმ ლიდერმა მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს დამოუკიდებლობის 150 წლის იუბილე მიულოცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამხელა ყურადღებას ანიჭებენ ერთ ავტომატურად გენერირებულ წერილს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის დიდი შიმშილი და შეგრძნება, რომ არავის აინტერესებს ისინი, არ ესაუბრებიან, არ აქვთ რეპუტაცია და მიმზიდველობა. ამიტომაც შეუძლიათ, რომ ერთ წერილზე, რომელიც ყველა ლიდერისთვის ერთნაირადაა გაგზავნილი, ამხელა სიხარული გამოხატონ. რეალობა არის ის, რომ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს. ასევე რეალობაა, რომ აშშ-ს და მის სახელმწიფო მდივანს აქვს მკაფიოდ ნათქვამი, რომ საქართველოს მხრიდან 5 პირობის შესრულების შემთხვევაში გახდება ნორმალიზება შესაძლებელი. ხოლო თუ არ შესრულდა არც ერთი პირობა და არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მათკენ, არც ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ ამ ფასადურ ავტომატიზირებულ წერილებზე, მისით გამოწვეული ყიჟინის მაგივრად, ადგეს და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ საქართველომ აღიდგინოს დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის. როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.