„ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე თქმით, კომუნიკაციების კომისიის მიერ პერიოდული მედიამონიტორინგის ჩატარების შემდეგ „ფორმულას“ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის - სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მე-5 პუნქტის დარღვევას ედავება.
“კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით - 5000 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 17 ივნისის პერიოდში ჩატარდა, „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.
რაც შეეხება TV იმედს, ComCom-ის განცხადებით, საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ სამაუწყებლო ეთერში, ინტერნეტში, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შესახებაც კომისიას საჩივრით ა(ა)იპ საქართველოს მომავლის აკადემიამ მიმართა.
"კომისიამ დაადგინა, რომ ეთერსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის მიერ დარღვეულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. მათ შორის, ინფორმაციის წყაროს ანონიმურობაზე მითითების ვალდებულება, განსხვავებული მოსაზრებების დაბალანსებულად გაშუქების ვალდებულება, პროგრამაში მონაწილე პირთა მიმართ ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემით მოპყრობის ვალდებულება და პროგრამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლების მიცემის ვალდებულება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეიმედის მიმართ მსგავსი დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა" - წერს უწყება.