ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.
ბოლო დღეებში ევროპის რიგ ქვეყნებში ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. კვირას, 5 ივლისს, ასობით მეხანძრე ებრძოდა ცეცხლს საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ცეცხლის ლოკალიზება და სალიკვიდაციო სამუშაოები ამ ქვეყნებში ამ დრომდე გრძელდება.
საფრანგეთში,აღმოსავლეთ პირენეებში ტყის ხანძარი 4 ივლისის საღამოს დაფიქსირდა, ქალაქ პერპინიანთან ახლოს.
AFP-ის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია დაახლოებით 700 მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და დაახლოებით 10 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, იტყობინება სააგენტო .
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი - ერთი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პირენეებში დაახლოებით 5 000 მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, 6 ივლისის მონაცემებით, ხანძრის მაღალი რისკი კვლავ შენარჩუნებულია საფრანგეთის 41 დეპარტამენტში, ხოლო მაქსიმალური საფრთხის დონე გამოცხადებულია 7 დეპარტამენტში.
საბერძნეთში, სალონიკთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ორეოკასტრონის მუნიციპალიტეტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 76 წლის კაცი დააკავეს.
ამავდროულად, კიდევ ერთი მასშტაბური ტყის ხანძარი დაფიქსირდა ათენის დასავლეთით. ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 210 მეხანძრე და მოხალისე, ასევე სპეციალიზებული საავიაციო ტექნიკა.
ესპანეთში ტყის ხანძარი 3 ივლისიდან მძვინვარებს ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჟირონაში. სააგენტო EFE-ის ინფორმაციით, ცეცხლმა თითქმის 2200 ჰექტარი მოიცვა.
პორტუგალიის მუნიციპალიტეტ ვოჟელაში 1200 მეხანძრე, 400 ერთეული ტექნიკა და 15 თვითმფრინავი მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც 2 ივლისს გაჩნდა. ცეცხლმა უკვე მოიცვა დაახლოებით 12 000 ჰექტარი ტერიტორია. 3 ივლისს ესპანეთმა პორტუგალიას დახმარების სახით 120 მეხანძრე და 45 ერთეული ტექნიკა გაუგზავნა.
პორტუგალიური მედიის ცნობით, 5 ივლისისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ზოგიერთი კერა კვლავ აქტიურია.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხანძრების მასშტაბური გავრცელება ივნისში დაწყებული ექსტრემალური სიცხის ფონზე მოხდა.
