4 ივლისის საღამოს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკთან ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც სამი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს ევაკუაციის ბრძანება მისცეს.
ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, იუწყება The Associated Press.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 20:30 საათზე მთიან რაიონში, ხეობაში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა დაბლობების მიმართულებით, სადაც ძირითადად ბუჩქნარი იწვოდა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა, თუმცა რამდენიმე საწარმო დაზიანდა.
პატარა დასახლებების - ანტუპოლის, ფილოთეისა და გალინის მცხოვრებლებმა SMS-შეტყობინებები მიიღეს, რომლებშიც ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.
ასევე ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 120 ადამიანი, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლოთ, სპორტულ დარბაზში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძრის განზრახ გაჩენის ეჭვით 76 წლის კაცი დააკავეს.