უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას რუსეთთან შედარებით ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვს, ქვეყანამ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ნაკლები შესაძლებლობებისა და ნაკლები რესურსების მიუხედავად, უკრაინელებმა უფრო თვალსაჩინო და საამაყო შედეგებს მიაღწიეს. და რაც მთავარია, მათ სრულიად სამართლიანად შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს სრულიად სამართლიანია, რადგან უკრაინელები საკუთარ ქვეყანას იცავენ და სწორედ ამიტომ სცემს მათ პატივს მთელი მსოფლიო.
„და მსოფლიოს ყველა პატიოსანი ადამიანი უკრაინისგან მხოლოდ ერთ რამეს ელის, რომ ჩვენ ამ რუს ნაძირლებს დავამარცხებთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი 4 ივლისს ოდესის ოლქში იმყოფებოდა, სადაც სამხრეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
„ოდესის ოლქში ვიზიტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობასთან საკოორდინაციო შეხვედრით დავიწყე, სადაც სამხრეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ.
ძირითადი ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან „შაჰედებითა“ და რაკეტებით განხორციელებული მუდმივი საჰაერო თავდასხმების მოგერიებას, ზღვიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნას, ასევე ჩვენს დიპლომატიურ მისიებს, კავშირის სისტემების გაძლიერებას, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვასა და საზღვაო ქვეითების მომზადებასა და უზრუნველყოფას,“ - განაცხადა ზლენსკიმ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ვერტმფრენების რაოდენობის გაზრდის საკითხი, რათა დრონების საფრთხეს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდნენ.