უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ პარასკევს სუმზე, ზაპოროჟიეზე, ხარკივზე, ასევე ხარკივის ოლქზე, დნიპროპეტროვსკის ოლქსა და დონეცკის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია, „პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა ეს ტერორი შეწყდეს.“
„სუმში გრძელდება რუსეთის ავიაიერიშის შედეგების ლიკვიდაცია. რუსებმა მართვადი საავიაციო ბომბები პირდაპირ ქალაქის ცენტრში მყოფი მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 27 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსი ბავშვია. ბევრს მძიმე დაზიანებები აქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში რუსეთის დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, სადაც დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
„ხარკივს მტრის FPV-დრონი დაესხა თავს, ქალაქში ასევე არიან დაშავებულები. დაბომბვის ქვეშ მოექცა ხარკივის, დნიპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქების დასახლებებიც,“ - განაცახდა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევეწ აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი თავდასხმების ფონზე აუცილებელია, პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა ეს ტერორი შეწყდეს.
„აუცილებელია, რომ პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა ეს ტერორი შეწყდეს. მათ, ვისაც რუსეთი ნამდვილად მოუსმენს, რა თქმა უნდა, არიან შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები, დიდი ოცეული, ასევე ევროპა.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ევროპას ამ აგრესორზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. ეს, პირველ რიგში, მისი ენერგორესურსების, ნავთობის გადამზიდავი ფლოტისა და ფინანსური სისტემის მიმართ ზეწოლას გულისხმობს. ეს შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული. ასევე აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა ჩვენი თავდაცვის, პირველ რიგში კი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, ვინც აქტიურად მოქმედებს და არც ერთ დღეს არ კარგავს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.