უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 ქვეყანას გაუგზავნა წერილები უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების ამ თვეში გადაცემის თხოვნით ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 500 დრონი და 77 რაკეტა გამოიყენა, მათგან 25 ბალისტიკური ან ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ფრთოსანი რაკეტების 90%-ზე მეტისა და Shahed-ის ტიპის დრონების 90%-ის განადგურება. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტის გამო.
უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების უზრუნველსაყოფად, აპრილში თავდაცვის სამინისტრომ, გერმანიის მხარდაჭერით, პირველად გააფორმა რეკორდული კონტრაქტი Patriot-ის სისტემებისთვის ასობით PAC-2 ტიპის რაკეტის შესყიდვაზე. მათი მიწოდება მომდევნო წლების განმავლობაში დაიწყება.
ასევე პირველად გადაიდგა ნაბიჯი ევროკავშირის კრედიტის ფარგლებში დაახლოებით Patriot-ის 100 რაკეტის, საერთო ჯამში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების, შესაძენად.
წელს უკრაინამ პირველად დაიწყო რაკეტების მიღება ევროპელი პარტნიორების სამხედრო მარაგებიდან. გარდა ამისა, ნატო-ს After Action Review სტანდარტის დანერგვის წყალობით, Patriot-ის სისტემების ეფექტიანობა „ისკანდერის“ ტიპის მანევრირებადი რაკეტების წინააღმდეგ ორჯერ მეტით გაიზარდა.
„თუმცა ეს საკმარისი არ არის. უკრაინას სასიცოცხლოდ სჭირდება Patriot-ის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები. ისინი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მარაგებში არსებობს. სწორედ სწრაფ გადაწყვეტილებებზე, PURL-ის მექანიზმის გაფართოებასა და JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში რაკეტების შესყიდვაზეა დამოკიდებული უკრაინის ცის დაცვა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თითქმის 40 პარტნიორი ქვეყნის მთავრობებს ოფიციალური წერილებით უკვე მიმართა და მოუწოდა, ამავე თვეში დაუყოვნებლივ გადასცენ უკრაინას Patriot-ის რაკეტები არსებული მარაგებიდან, იმ პირობით, რომ მოგვიანებით ისინი უკრაინისთვის უკვე კონტრაქტით გათვალისწინებული ახალი მიწოდებებით ჩანაცვლდება. ასევე, მინისტრმა პარტნიორებს მოუწოდა, ფინანსური წვლილი შეიტანონ PURL-ისა და JUMPSTART-ის მექანიზმებში,“ - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დასძინეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ.