რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული მორიგი იერიშების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივის წარდგენას გეგმავს.
„დღეს, ამ დარტყმების საპასუხოდ, შევთავაზებ დამატებითი სანქციების დაწესებას იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უჭერენ მხარს,“ - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რაც უფრო ინტენსიურად უტევს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს სანქციებიც.
„მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს კიევზე თავდასხმებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინისთვის უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერითა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებით.
კაია კალასის განცხადებით, რუსეთისთვის ამ ომის ფასი კვლავ გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს.
შეგახსნებთ, გასულ ღამეს, კიევზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით რუსეთის თავდასხმა განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 90. სამძებრო-სამაშველო ოპეარცია ამ დრომდე გრძელდება.