უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები მას შემდეგ, რაც 2 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.
„არ გადადოთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ გადაწყვეტილება! ეს არის ჩვენი მთავარი თხოვნა პარტნიორების მიმართ იმ საშინელი ღამის შემდეგ, რომელიც კიევმა გადაიტანა. რუსეთის სასტიკი დარტყმის შედეგად უკრაინის დედაქალაქზე ყველა ტიპის რაკეტითა და დრონით სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს,“ - წერს სიბიჰა.
მან აღნიშნა, რომ ოკუპანტები მიზანმიმართულად ურტყამდნენ საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„ომის დამნაშავე პუტინს შეუძლია მხოლოდ მდაბალი და ტერორისტული ომი აწარმოოს მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ვერ აღწევს შედეგს. ასეთი დარტყმები მძიმე სამხედრო დანაშაულებია და ჩვენ ამის შესახებ ვაცნობებთ ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, მოვუწოდებთ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და მკაცრი ზომების მიღებას,“ - დაამატა სიბიჰამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება „არა მხოლოდ სიტყვიერი დაგმობა, არამედ კონკრეტული ქმედებები, რათა შეჩერდეს რუსული ტერორი“.