უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ევროპელ პარტნიორებს წერილით მიმართა და მოუწოდა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6.6 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოს.
ამის შესახებ Reuters, მის ხელთ არსებული წერილის საფუძველზე იუწყება.
26 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომლის კონკრეტული ადრესატები არ სახელდება, ფედოროვი წერს, რომ 2026 წელს უკრაინის საერთო თავდაცვითი საჭიროებები დაახლოებით 136 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი 53 მილიარდი ევროს დაფარვას შეძლებს.
უკრაინამ ასევე უნდა მიიღოს 28.3 მილიარდი ევრო ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების ფარგლებში. თუმცა, ფედოროვის შეფასებით, ამ თანხების გათვალისწინების შემდეგაც თავდაცვის საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუფინანსებელი რჩება.
მისი თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსები შეიძლება „წელს უკრაინის თავდაცვისთვის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი გახდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სახსრები იქ იქნება მიმართული, სადაც ისინი ყველაზე დიდ და უშუალო სამხედრო ეფექტს მოიტანს“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან განბლოკილი 6 მილიარდი ევრო რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენონ.