რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელი ივლისიდან ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან რამდენიმე სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დროებით დაიხურება
რუსეთის მთავრობამ 1-ელი ივლისიდან ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან საზღვარზე მდებარე რამდენიმე სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ რუსეთის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.
„2026 წლის 1-ელი ივლისიდან დროებით შეჩერდეს ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და ტვირთების გადაადგილება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე მდებარე სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით, დანართში მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ყველაზე მეტი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ფინეთის მიმართულებით დაიხურება. გადაადგილება შეჩერდება სარკინიგზო კვანძებში: „ვიბორგი“, „ვიარცილია“, „ლიუტია“, „სანკტ-პეტერბურგი-ფინლიანდსკი“ და „სვეტოგორსკი“.
გარდა ამისა, სრულად შეწყდება სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთ-ესტონეთის მონაკვეთზე „პეჩორი-პსკოვსკის“ გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო ლატვიის საზღვარზე მუშაობას შეწყვეტს „პიტალოვოს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ფინეთს, ესტონეთსა და ლატვიას. დოკუმენტში ამ ნაბიჯის მიზეზები არ არის მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას არ გეგმავს.
ამასთან, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი არც მიმდინარე და არც მომავალ წელს ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმას არ აპირებს, თუმცა შეიარაღებული ძალების აღდგენას გააგრძელებს.