ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 450-მდე გაიზარდა. ათობით ათასი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული იუწყება. The Associated Press
სამაშველო ჯგუფები უკვე მეოთხე დღეა ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი გასული საათის შემდეგ გადარჩენილების პოვნის შანსი მცირდება, მაშველები ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა, კვირა საღამოს განაცხადა, რომ გადარჩენილების სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.
მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2 600-ზე მეტი მაშველი ჩავიდა, მათ შორის სპეციალურად გაწვრთნილი სამძებრო ძაღლებითა და მძიმე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები.
24 ივნისს, ოთხშაბათს, მომხდარმა 7,2 და 7,5 მაგნიტუდის ორმა ძლიერმა მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. გაერო-ს შეფასებით, სტიქიური უბედურების შედეგებმა დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანი დააზარალა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად 770-ზე მეტი შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. შემდგომი ნგრევის საფრთხე კვლავ მაღალია, რადგან ვენესუელაში მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. კვირას - 4,2 და 4,5 მაგნიტუდის ახალი ბიძგები დაფიქსირდა.