რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე, ასევე დასავლეთის მხრიდან „უპრეცედენტო ზეწოლაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ამ გამოწვევებს გაუმკლავდება.
პუტინმა ამის შესახებ პარტია „ედინაია როსიას“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი დასავლური ელიტების მხრიდან უხეშ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის. ისინი ვერ ახერხებენ ჩვენი სტრატეგიული დამარცხებას, ვერ გვამარცხებენ ბრძოლის ველზე, ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას და ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევას, თუმცა ესეც არ გამოსდით. ამიტომაც აგრძელებენ კიევის რეჟიმის წახალისებას,“ - თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის „მიზანმიმართული დარტყმები“ რუსეთის სხვადასხვა ობიექტზე და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანებს დივერსიებისა და ტერაქტების მოსაწყობად იბირებს. მისი მტკიცებით, ეს იმით არის განპირობებული, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „საბრძოლო შეხების მთელი ხაზის გასწვრივ უკან იხევენ“.
„დასავლეთი ამ ყველაფერს თითქოს ვერ ამჩნევს. ამის ნაცვლად კი სწორედ ჩვენს წინააღმდეგ ახალ-ახალ სანქციებს აწესებს,“ - განაცხადა მან.
ამასთან, პუტინი ყრილობის დელეგატების დარწმუნებას შეეცადა, რომ ხელისუფლება არსებულ პრობლემებს ხედავს, აცნობიერებს და „აუცილებლად მოაგვარებს“.
„აუცილებლად უზრუნველვყოფთ როგორც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ისე რუსეთის საზღვრების ხელშეუხებლობას გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში... ეჭვგარეშეა, გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, მათ შორის, ჩვენს ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს,“ - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე ტრადიციულად დადო პირობა, რომ რუსეთის ეკონომიკას „პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე“ აიყვანს, გაზრდის შობადობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ააშენებს გზებს და სხვა პროექტებს განახორციელებს.
„ცხადია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეულ გეგმებს ვაკორექტირებთ... რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ მან ბევრი რამ გვასწავლა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთი შეიძლება იყოს მხოლოდ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან საერთოდ არ იარსებებს,“ - თქვა პუტინმა.