რუსეთის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ღამით განხორციელებული, შეტევის შემდეგ იწვის.
რუსული ტელეგრამ-არხის, Astra-ს ცნობით, ხანძარი სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა. კრასნოდარის მხარის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა.
უკრაინული და რუსული წყაროების ინფორმაციით, ობიექტი ღამით დრონებით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ თავდასხმა წარმატებით განხორციელდა, თუმცა რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ხანძარი საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა გამოიწვია.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული შეტევა დაადასტურა.
„ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, ერთ-ერთ კერძო სახლს კი ფანჯრების მინები ჩაუმსხვრია,“ - აცხადებენ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.
ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
საწარმო ნავთობს ამუშავებს და აწარმოებს გაზის ბენზინს (გაზოლინს), დიზელის ტექნოლოგიურ ფრაქციას, მაზუთს, საზღვაო საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს. მისი გადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 4–5 მილიონ ტონა ნედლეულია. ქარხანა სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 9%-ს უზრუნველყოფს და შავი ზღვის პორტების გავლით ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია.
მანამდე უკრაინამ ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არაერთი შეტევა განახორციელა.
კერძოდ, 19 მაისს დრონებით თავდასხმის შედეგად, ქარხნის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სულ მცირე ერთი ტექნოლოგიური დანადგარი დაზიანდა.