სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 13 წელია იმყოფება, შაბათს, ხელისუფლების მხარდამჭერების აქციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში თანამდებობას დატოვებს, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
„კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ კი გადავდგები,“ - განცხადა ვუჩიჩმა.
მან მხარდამჭერებს ასევე უთხრა, რომ თავის პარტიას - სერბეთის პროგრესულ პარტიას ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.
Reuters აღნიშნავს, რომ ვუჩიჩის განცხადება წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე, სტუდენტების მიერ ორგანიზებული ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების ფონზე გაკეთდა.
სააგენტო ასევე წერს, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა გაწევრიანებამდე ბელგრადმა უნდა გააძლიეროს კანონის უზენაესობა, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე ეფექტიანად ებრძოლოს კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს. გარდა ამისა, სერბეთმა საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას უნდა დაუახლოოს.