ვენესუელაში ოთხშაბათს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 3 360 ადამიანი, ხოლო სულ მცირე 172 პირი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.
სტიქიის შედეგად 4 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.
ექიმებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მიწისძვრამდე ვენესუელის ჯანდაცვის სისტემა უკვე მწვავე დეფიციტს განიცდიდა მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების მხრივ.
გაერო-ს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში უკვე ჩართულია ათასზე მეტი საერთაშორისო სპეციალისტი, მათ შორის კინოლოგთა ჯგუფები.
„მსურს, ვენესუელაში მყოფმა ადამიანებმა იცოდნენ - დახმარება უკვე გზაშია,“ - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და საგანგებო დახმარების კოორდინატორმა ტომ ფლეტჩერმა BBC-ის ეთერში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, პირველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 18:04 საათზე მოხდა, ხოლო მეორე ბიძგი პირველიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაფიქსირდა, მისი სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდის იყო.
USGS-ის ინფორმაციით, მეორე მიწისძვრა 1900 წლის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
„ეს ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან მაღალ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს,“ - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა.