რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუმინეთს „დიდი ხანია აქვს მოლდოვის შთანთქმის გეგმები“ და რომ საერთაშორისო საზოგადოებას სწორედ ამ „ანექსიით“ უნდა შეშფოთდეს და არა იმით, რომ რუსეთმა შეიერთა ყირიმი და უკრაინის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ზოგიერთი რეგიონი.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ბრიფინგზე მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტის მიღებაზე.
„საიდუმლო არ არის, რომ ბუქარესტში მოლდოვის შთანთქმის გეგმებს ამუშავებენ. ჩვენთვის ეს ახალი არ არის, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ახლა ამ ვითარებამ ასეთი განვითარება მიიღო“, - თქვა მან.
მან ასევე დაადანაშაულა რუმინული პოლიტიკური წრეები მოლდოვის შიდა საქმეებში ხანგრძლივ ჩარევაში და ორივე ქვეყნის საზოგადოებაში გაერთიანების იდეების პოპულარიზაციაში.
ამავდროულად, ზახაროვამ აღნიშნა, რომ სკანდალური კანონპროექტი პროცედურული შეცდომის გამო იქნა მიღებული.
„წარმოიდგინეთ, რა დონემდე დაეცა დასავლური დემოკრატია - აღარ ეკითხებიან არა მხოლოდ ხალხს, არამედ კანონმდებლებსაც... ხოლო დოკუმენტის შემდგომი ბედი დამოკიდებული იქნება არა რუმინეთის ხალხის ნებაზეც კი, არამედ პარლამენტის ზედა პალატის წარმომადგენლებზე.
რა გაერთიანებაა ეს? გაერთიანება გულისხმობს ორმხრივ სურვილს და, რაც მთავარია, პლებისციტს. ხოლო როცა საქმე შთანთქმას ეხება, ამას ასე უნდა ეწოდოს... ტერმინი „ანექსია“ ხშირად გამოიყენება დასავლურ პრესაში, ბრიუსელში და ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მიმართ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყველა გადაწყვეტილება შესაბამის ტერიტორიებთან „გაერთიანების“ შესახებ, მიღებული იყო მოქალაქეთა ნების საფუძველზე, რაც ორგანიზებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ“,
ამიტომ, თუ ისინი ჩვენს მიმართ იყენებენ ტერმინს „ანექსია“, შესაძლოა იგივე ტერმინი გამოიყენონ ისეთ სიტუაციებზე, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ასეთი კვალიფიკაციის საფუძველი“, - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების თაობაზე კანონპროექტი მიიღო და ზედა პალატას გაუგზავნა