26 ივნისის ღამეს დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მუშაობდნენ. მასშტაბური შეტევის ქვეშ მოექცა ასევე ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტი“. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ყირიმიდანაც გავრცელდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, მოსკოვზე თავდასხმა ღამის 02:30 საათზე დაიწყო. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონების მოგერიება დაიწყეს.
თავდასხმის ფონზე მოსკოვის აეროპორტებში - დომოდედოვოში, ვნუკოვოსა და შერემეტიევოში დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ავიარეისების მიღება და გაფრენა კოორდინაციის რეჟიმში მიმდინარეობდა.
კიევის დროით 05:20 საათისთვის სობიანინი აცხადებდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მისი მტკიცებით, 36 დრონი ჩამოაგდეს.
„დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“, - განაცხადა სობიანინმა.
ამავდროულად, მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტი“ დრონებით მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შესახებაც იუწყებოდნენ.
მოგვიანებით ტულის ოლქის გუბერნატორმა, დმიტრი მილიაევმა, დაადასტურა, რომ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები ანესირებულ ყირიმზეც განხორციელდა. აფეთქებების ხმა ქერჩის საბორნე გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა.
ცნობისთვის „აზოტი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური საწარმოა. ის აწარმოებს მინერალურ სასუქებს, ამიაკს, აზოტმჟავას, მეთანოლსა და სხვა ქიმიურ პროდუქტებს. გარდა ამისა, ქარხანაში წარმოებული ნედლეულის ნაწილი სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება და მიეწოდება თავდაცვით საწარმოებს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის დასამზადებლად.