ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება, თუმცა დეტალებზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში ან კვირებში განახლდება.
„ჩვენ ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ წარმატებულ საბოლოო შეთანხმებას, ხოლო საბოლოო შეთანხმება - ეს არის სახლი. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ, მაგრამ სახლი ჯერ არ აგვიშენებია. თუმცა მყარი საფუძველი გვაქვს, რომ ამერიკელი ხალხის კეთილდღეობა უზრუნველვყოთ,“ - თქვა ვენსმა.
ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„შევქმენით მექანიზმი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გახსნას, არამედ მის სტაბილურ ფუნქციონირებას მომავალშიც. ბოლო დღეებში ბაზარზე დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა, რაც ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. შესაბამისად, საწვავის ფასებიც შემცირდება“, – განაცხადა მან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ასევე ჩამოყალიბდა ცეცხლის შეწყვეტის რეგიონული მონიტორინგისა და შესაძლო კონფლიქტების მართვის მექანიზმი, რომელზეც აშშ ისრაელთან და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ერთად მუშაობს.