ესტონეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს, მინდორში საბრძოლო დრონი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ, ერთ-ერთი უკრაინული უპილოტო აპარატია, რომელიც რუსეთში სამიზნეებისკენ ფრენისას გზას ასცდა.
დრონი დაახლოებით ორი კვირის წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში, რიუგეს სოფლის მახლობლად იპოვეს, თუმცა ინფორმაცია ახლა გასაჯაროვდა. უპილოტო აპარატი ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე მუშაობისას აღმოაჩინა.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰარიუს პუუსეპის თქმით, აღმოჩენის შესახებ შეტყობინება 10 ივნისს მიიღეს. აპარატის ძირითადი ნაწილი მაღალ ბალახში იდო, ხოლო ფრაგმენტები ახლომდებარე ხეზეც აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ დრონი თავდაპირველად ხის კენწეროს შეეჯახა.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი დრონი, რომელიც 3 ივნისს საჰაერო განგაშის დროს ესტონეთის საჰაერო სივრცეში მოხვდა.
„სავარაუდოდ, საუბარია ერთ-ერთ იმ დრონზე, რომელიც ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს. სამხედროები მათ მოსაძებნად გაგზავნეს, თუმცა მაშინ მათი კვალი დაიკარგა. ერთ-ერთი ასეთი აპარატი რადარებიდან სწორედ იმ ადგილის მახლობლად გაქრა, სადაც ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი იმ დრონთაგანია, რომლებიც 3 ივნისს ესტონეთის ტერიტორიაზე შევიდნენ,“ - განაცხადა პუუსეპმა.