პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურა რუსეთი პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებაზე, სადაც მედვედევმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
„პოლონეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ ჩამოართვა ნაცისტების თაყვანისმცემელ კიეველ დეგენერატს „თეთრი არწივის“ ორდენი. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა არ იქნება ბანდერელთა ლიდერისთვის - ახლა მის მწვანე მაისურზე მეტი ადგილი დარჩება ჰიტლერის „რკინის ჯვრისთვის“ ოქროს მუხის ფოთლებით,“ - დაწერა მედვედევმა.
მედვედევის უარყოფით რიტორიკას გამოეხმაურა და კომენტარის სახით დაწერა: „არის მხარდაჭერა, პრეზიდენტო ნავროცკი“.
შეგახსენებთ, გუშინ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს მას შემდეგ, რაც კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფო ჯოლდოზე უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა.
ცნობისათვის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.