უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, თუმცა რუსეთის მიერ ომის გაგრძელებისა და უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების შემთხვევაში საპასუხო მოქმედებები გაგრძელდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ მოსკოვზე განხორციელებულ დღევანდელ იერიშს „სრულიად სამართლიანი პასუხი“ უწოდა.
„რაც შეეხება ჩვენს პასუხს მოსკოვზე - ის სრულიად სამართლიანია. თქვენ ყველაფერს ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს საჰაერო თავდაცვის სამი რგოლი იცავს, ჩვენ ვამბობდით, რომ მათ მივწვდებოდით. თუ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება და მისი გაგრძელება უნდა, ჩუმად არ ვისხდებით - ვუპასუხებთ. პასუხი უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი. მათ ლავრას დაარტყეს. როდესაც ჟურნალისტებს ვხვდებოდით, ლავრაში ვიმყოფებოდით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ პასუხს მოვამზადებდით და ამას ნახავდით. ვფიქრობ, ახლა ამას ხედავთ. ჩვენ ეს ომი არ გვინდა და არასდროს გვინდოდა. ეს ყველამ იცის, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. და ნამდვილად არ გვინდა, რომ მტრის გამო უკრაინა იწვოდეს. მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებმა იციან, რომ კიევი ომის დასრულებას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ვლადიმირ პუტინი თავს არიდებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ პასუხებს.
პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს როგორც უკრაინის სამხედრო მოქმედებებით, ისე საერთაშორისო სანქციებით, მათ შორის ენერგეტიკის, საბანკო სექტორის, სამხედრო მრეწველობისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართულებით.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 18 ივნისის ღამეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და როსტოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. მისი თქმით, ეს, მათ შორის, პასუხი იყო 15 ივნისს კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევაზე, რომლის დროსაც დაზიანდა კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარი.
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 18 ივნისის ღამეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, ეს შეტევა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ იერიშად არის შეფასებული.
არსებული ინფორმაციით, ეს უკვე მეორე წარმატებული დარტყმაა რუსეთის სტრატეგიულ ენერგოობიექტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში.