ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - სურს თუ არა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები - მათ შორის სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და მარკო რუბიო, აქტიურად მუშაობენ სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე.
„აშკარაა, რომ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ თამაშში მონაწილეობა… საბოლოოდ კითხვა ის არის - ნამდვილად სურს თუ არა მას მოლაპარაკებები“, - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, პარალელურად მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გაძლიერება.
„სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. და თუ მთლიანად რუსეთს შევხედავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ბოლო მონაცემები აჩვენებს: მათ თავდაცვის სფეროზე დახარჯეს სახელმწიფო ბიუჯეტის 40%, ახლა კი - 48%. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ მიღებული საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 75% თავდაცვაზე იხარჯება. ეს გიჟური ციფრებია, ამიტომ ჩვენ რუსეთის მიმართ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით“, - აღნიშნა რუტემ.
რუტემ რუსეთის ეკონომიკა შეადარა ბელგიისა და ნიდერლანდების ეკონომიკებს და აღნიშნა, რომ მოსკოვმა კარგად იცის ნატო-ს სიძლიერე.
„მათ იციან, რომ ჩვენ, როგორც ნატო, ძალიან ძლიერები ვართ და იციან, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს გააცნობიერონ: ეს იქნება მათი ყველაზე დიდი შეცდომა, თუ ამის გაკეთებას შეეცდებიან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.