უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვი, განაცხადა, რომ უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად უახლოეს პერიოდში დროებით ოკუპირებული ყირიმი შესაძლოა ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოჩნდეს.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „ყირიმის იზოლაცია დრონების დახმარებით“ და, მისი შეფასებით, ნახევარკუნძული მალე შეიძლება „კუნძულად გადაიქცეს“, რასაც რუსეთისთვის მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
მისი თქმით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საშუალო რადიუსის (Middle Strike) მოქმედების დრონები 300%-ით მეტი შეიძინა, ვიდრე მთლიანად 2025 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ტიპის უპილოტო სისტემებით უკრაინა რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს აზოვის ზღვისპირა მიმართულებაზე.
ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ დაიწყო„ლოjისტიკური ლოქდაუნის“ პოლიტიკა, რაც გულისხმობს დამატებითი რესურსების გამოყოფას იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც ეფექტიანად იყენებენ Middle Strike ტიპის დრონებს. მისი თქმით, ასიათასობით დრონის შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო აფინანსებს იმ ქვედანაყოფებსაც, რომლებსაც მათი სწრაფად გამოყენებისა და დამატებითი შესყიდვების შესაძლებლობა აქვთ.
„რუსებისთვის იწყება ჯოჯოხეთი, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ეს ფანჯარა. ლოჯისტიკური მარშრუტები იჭრება, ყირიმი იზოლირდება და ეს პირდაპირ აისახება აღმოსავლეთის ფრონტზეც. არსებობს პირდაპირი კავშირი იმასთან, რამდენად ძლიერად ვურტყამთ ლოჯისტიკას და რამდენად მცირდება შეტევითი მოქმედებების რაოდენობა წინა ხაზზე“, - განაცხადა ფედოროვმა.